ბელგიის პრემიერი - საქართველოსთვის გასულ კვირას იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, როდესაც ვისაუბრეთ ევროპის გაფართოებაზე, ღია ვართ ქვეყნებისთვის, რომლებიც შთაგონებული არიან ჩვენი ღირებულებებით
გასულ კვირას იყო მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ევროპის გაფართოებაზე. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივეცით საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს გზავნილი ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც წევრობა სურთ.
„ზოგიერთი ადამიანი იტყვის, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლური გზავნილი დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ღია ვართ ქვეყნებისთვის, რომლებიც შთაგონებული არიან ჩვენი ღირებულებებით, თავისუფალი, ღია საზოგადოებით, სადაც მოსახლეობას შეუძლია უსაფრთხოდ ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი, ვიცით, რომ ამას დასჭირდება ბევრი რეფორმა“, – განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.