ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს შეედრება
ბელგიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს შეედრება

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო აცხადებს, რომ სამხედრო დანაშაულებისთვის დაუსჯელობა შეუძლებელია.

მისი თქმით, ბელგია და ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარებიან დანაშაულების მტკიცებულებების დოკუმენტირებაში იმის იმედით, რომ საშინელი დანაშაულების ჩამდენი პირები გასამართლდებიან.

ამის შესახებ დე კროომ ბელგიის ქალაქ გენტში ბელგიისა და ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომის შემდეგ განაცხადა.

დე კროოს განცხადებით, ბელგიის მთავრობა მხარს უჭერს სისხლის სამათლის საერთაშორისო სასამართლოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ საგამოძიებო კომისიას და არ გამორიცხავს უკრაინაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტების გაგზავნას.

„ეს არის პირველი ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხი აგონ ბარბაროსებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს“, – განაცხადა ალექსანდერ დე კროომ.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესია „ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს შეედრება“ .

ამასთან, როგორც მედია წერს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი ოფისი რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის 5 800 შემთხვევას იძიებს და ამას ყოველდღიურად ახალი საქმეები ემატება.