ბელგიაში „სიკვდილის დიაკვანს“ ასამართლებენ
ბელგიაში „სიკვდილის დიაკვანს“ ასამართლებენ

ბელგიაში ათეულობით პაციენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დიაკვანს ასამართლებენ. ივო პოპეს, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში ექთნად მუშაობდა, პაციენტებისთვის სასიკვდილო ინექციის შეყვანაში ადანაშაულებენ. გამოძიების ცნობით, პოპეს მსხვერპლთა შორის იყვნენ მისი ნათესავები, მათ შორის სიმამრი, ორი ბაბუა და დედა.

სამართალდამცავები ამბობენ, რომ ყველა მკვლელობა მენენის კლინიკაში მოხდა, სადაც პოპე ჯერ ექთნად, დიაკვნად კურთხევის შემდეგ კი, ამავე საავადმყოფოში დამხმარედ მუშაობდა.
თავად ბრალდებული თავდაპირველად დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას პაციენტები ეცოდებოდა და ამიტომ ევთანაზიას უკეთებდა.


პოპე 2014 წელს დააკავეს, როდესაც მან ჩადენილის შესახებ ფსიქოლოგს მოუყვა. თავად ამტკიცბს, რომ ყველა მისი მსხვერპლი მოხუცი და განუკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი იყო. თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ პოპემ არა ათი, არამედ 50-ზე მეტი ადამიანი მოკლა. ამასთან, მისი დედა, რომელიც ერთ-ერთი მსხვერპლი იყო, დეპრესიით იტანჯებოდა და მოწმეები ამტკიცებენ, რომ ის ევთანაზიას არ დათანხმდებოდა.


ბელგიურმა მედიამ 61 წლის პოპეს უკვე უწოდა „სიკვდილის დიაკვანი“. თუ მას დამნაშავედ გამოაცხადებენ, ეს ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასობრივი სერიული მკვლელობა იქნება.
სასამართლო პროცესი ერთი კვირა გასტანს.