ბელარუსში, სოციალურ ქსელებში ექსტრემისტულად მიჩნეული სხვადასხვა მედიაარხის გამომწერებს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
ბელარუსში, სოციალურ ქსელებში მოქმედი და ექსტრემისტულად მიჩნეული სხვადასხვა მედიაარხის გამომწერებს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ახალი ინიციატივა დღეს ხელისუფლებამ წარადგინა.
ბელარუსში, ერთ-ერთ ასეთ ექსტრემისტულ არხად მიჩნეული არის ტელეგრამში მოქმედი არხი «ნექსტა ნიუსი», რომელსაც ერთ მილიონამდე გამომწერი ჰყავს და აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს.
ასეთივე საინფორმაციო პორტალი იყო tut.by, რომელიც ხელისუფლებამ უკვე დახურა და მას 500 000-მდე გამომწერი ჰყავდა.
ბელარუსის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში განმარტავენ, რომ ტელეგრამის არხების გამომწერები კრიმინალურ პასუხისგებაში მიეცემიან როგორც ექსტრემისტული ჯგუფის წევრები.
ქვეყნის მასშტაბით, ტელეგრამში ექსტრემისტულ კატეგორიად მიჩნეულია 100-ზე მეტი მოქმედი არხი.