ბეგლარიშვილის სათასო მონაგარი - გოლი და სამი საგოლე (ვიდეო)

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის თასის მეოთხედფინალში ჩინებული მატჩი ჩაატარა – ტალინის „ფლორამ“ სტუმრად „კურესაარეს“ 7:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ესტონეთის საფეხბურთო ნაკრების ქართველმა კანდიდატმა ,ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემა და გოლი ჩაიწერა.

ანგარიში 27 წლის ნახევარმცველის გადაცემით გავიდა. მეორე გოლზე ჯარიმიდან იმიტაცია გააკეთა, რომ არტყამდა და თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დატოვა შემტევი. მესამე გოლზე კი მოედნის ცენტრიდან თანაგუნდელი საჯარიმოში კარგ პოზიციაზე გაიყვანა. თავად ბეგლარიშვილმა 84-ე წუთზე ქუსლით ეფექტურად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:7.

უცნაური ამბავია: ნახევარფინალში ”ფლორა” საკუთარ დუბლშემადგენლობას, ”ფლორა 2”-ს შეხვდება, რომელიც რანგით მეორე ლიგაში თამაშობს. მატჩი 9 მაისს გაიმართება და გამარჯვებული ”ტრანსისა” და ტალინის ”ლევადიას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სათასო მატჩამდე ზაქარია ბეგლარიშვილმა “ტულევიკთან” მატჩში დუბლი შეასრულა. სულ კი ესტონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 ტურში 6 გოლი გაიტანა.