ზაქარია ბეგლარიშვილი - ესტონური ენა კარგად ვიცი, ახლა კანონმდებლობას ვსწავლობ [ვიდეო]

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად, გამოცდებისთვის ემზადება. ამის შესახებ ტალინის „ფლორას“ ფეხბურთელმა პირველ არხთან განაცხადა.

„ესტონეთის მოქალაქეობის მისაღები გამოცდები 11 და 12 ნოემბერს დამინიშნეს. ენის საკითხი არ მანერვიულებს, რადგან, ფაქტობრივად, ქართულივით ვიცი. კანონმდებლობის ცოდნა გაცილებით რთული იქნება. მაგრამ ვსწავლობ და იმედია, გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ. ესტონეთის ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელებს უკვე ველაპარაკე. ესტონეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თავად თქვა, რომ გუნდისთვის საინტერესო მოთამაშე ვარ. ასე რომ, ველოდები ნოემბერს“, – ამბობს ბეგლარიშვილი.

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველის გუნდმა, ტალინის „ფლორამ“ უშუალო კონკურენტი, თანაქალაქელი „ლევადია“3:0 დაამარცხა. ბეგლარიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და  71-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. ეს მიმდინარე სეზონში მის მიერ გატანილი 21-ე გოლი იყო და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.