ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან გომართელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს ავრცელებს.
როგორც გომართელი წერს, ფილოლოგმა ქალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს მოწოდება, რომ ფეისბუქზე ვეფხისტყაოსნის თითო სტროფი განეთავსებინათ -„ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა „ჩვენ თვალწინ მითად ქცეული რწმენა „ვეფხისტყაოსნის“ სინერგიული ძალმოსილებისა, როგორც საშუალება ღვთიური და ადამიანური ნების შერწყმისა; როგორც საუკუნეთა წიაღიდან მომდინარე იმედი გადარჩენისა, საყრდენი და საფუძველი ნაციონალური ერთიანობისა.მადლობა ამისათვის ჩვენს ქალბატონებს!“
ამირან გომართელი რუსთაველის პოემის გადამწერ ბეჟოას ქალს იხსენებს.
„ვეფხისტყაოსნით“ გამოწვეულმა საერთო სულისკვეთებამ რუსთველის პოემის დამფასებელი კიდევ ერთი ქალბატონი გამახსენა, რომელიც ასევე საუკუნეთა წიაღიდან უნდა გამოვიხმოთ, თუმც, უმჯობესია, ისეთ დიდებულ მკვლევარს დავუთმოთ სიტყვა, როგორიც ვიქტორ ნოზაძეა, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის ბუნებისმეტყველება“ რუსთველის პოემის გადამწერ ქალბატონს უძღვნა.
ბეჟოას ქალის მოსახსენებელად
გასარკვევად: — სომეხ ბეჟოას ქალს 1702 წელს ვეფხისტყაოსანი გადაუწერია. ეს მისი ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანი დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში და როგორც ექვთიმე თაყაიშვილი ამბობს, ამ ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა აღწერაში, დასახელებული „სომხის ქალი ვერ ყოფილა დახელოვნებული ქართულში“ და „ხელიც უშნოა“-ო და დასძენს: „ამიტომ სამართლიანად მიუწერია ვიღაცას პირველ გვერდზე წიგნისა: — დიაღ ცუდი ვეფხისტყაოსანია. — არც მეთვრამეტე საუკუნეში ყოფილა მოსაწონი ეს ვეფხისტყაოსანი: მე-12 ფურცლის აშიაზე მერმინდელის ხელით ასეთი მინაწერია: მე. იოანემ. სარდლის. შვილმა. ვნახე. მინდა. მეყიდა. და. აღარ. ვიყიდე. 1723. იოანე.
„ამ რიგად ეს ვეფხისტყაოსანი გადაწერილია შემახიას უვიცი სომხის ქალის მიერ 1702 წელსო“ — ასრულებს შენიშვნას ექვთიმე თაყაიშვილი და თან ასწორებს თარიღს: თუმცა ხელნაწერს აწერიაო 1619 წელი, მაგრამ ცუდად წაუკითხავთო.
ყველაფერი ეს მართალი უნდა იყოს, ოღონდ ეს მოვლენა სხვა შეფასებას მოითხოვს.
რომ სომეხ ბეჟოას ქალმა, შემახაში მყოფმა, ქართული კარგად არ იცოდა, — მართალია;
რომ მისი ხელით ნაწერი ცუდია, — ესეც მართალია, რომ ეს ვეფხისტყაოსანი საყიდელად დაიწუნეს, — ესეც მართალია (თუმცა, უეჭველია, ბეჟოას ქალს იგი გასაყიდად არ გადაუწერია);
მაგრამ მთავარი ეს არ არის.
მთავარი და დიდად მნიშვნელოვანი ის მოვლენა არის, რომ 1702 წელს, ქალაქ შემახაში, ქართულის ცუდად მცოდნე სომხის ქალს ვეფხისტყაოსანი გადაუწერია!
წიგნის გადაწერა იოლი საქმე არაა. ჯერ ერთი: ბეჟოას ქალს უნდა სცოდნოდა თუ რა იყო ვეფხისტყაოსანი. მეორე: მას ეს ვეფხისტყაოსანი უნდა მოეპოვებინა, რაც ადვილი საქმე არ იყო. მესამე: მას იმდენად უნდა მოსწონებოდა და შეყვარებოდა ვეფხისტყაოსანი, რომ გადაეწყვიტა მისი გადაწერა იმის მიუხედავად, რომ იგი „ვერ ყოფილა დახელოვნებული ქართულში“… როგორი სიყვარულითა და რაოდენი შრომით უნდა შეესრულებინა მას ეს მძიმე ამოცანა!
ვეფხისტყაოსანმა მთელი მისი არსებით: — მუსიკითა და აზრით, შინაარსითა და მოქმედებით, სიყვარულითა და სიცოცხლის ლხინით მოაჯადოვა შემახაში მყოფი ბეჟოას ქალი, ისევე როგორც იგი ხიბლავდა და აჯადოებდა ქართველ ქალსაც. აი, ეს გვაჩვენა ჩვენ ბეჟოას ქალმა, — თუ რაზომ დიდი იყო ვეფხისტყაოსანის გავლენა და სიყვარული აგრეთვე სხვა ერის შვილთა შორისაც. ეს ამბავი სათანადო დაფასებას მოითხოვდა, და ვეფხისტყაოსნის თაყვანისმცემელის ბეჟოას ქალის პატივით ხსენებას მიკარნახებდა. ამიტომ ვუძღვნი მე მას ამ ნარკვევს: „ვეფხისტყაოსანის ბუნებისმეტყველება“.
***
არ დავმალავ, სულ ვეძებდი საბაბს მათთვის, ვისაც არ წაუკითხავს „ვეფხისტყაოსნის ბუნებისმეტყველება“, გამეცნო ამ წიგნის ავტორის დიდსულოვანი მიძღვნა, რათა პატივი მიგვეგო პოეზიის მადლით აღვსილი იმ სომეხი ქალბატონისათვის, რომელსაც სრულად ჰქონდა გაცნობიერებული სულიერი მხნეობის, მოყვასის სიყვარულისა და სიკეთის გარდუვალი გამარჯვების რუსთველური იდეალები.
„ღმერთი კეთილს მოავლინებს და ბოროტსა არ დაჰბადებს!“
ახლა ისიც უფრო გასაგები გახდა, რატომ ატანდნენ ჩვენს ქალებს მზითვში „ვეფხისტყაოსანს“; ასევე, რა შვებას ჰგვრიდა XV საუკუნეში ვანის ქვაბებში იძულებით შეხიზნულ გულქანს, ანასა თუ მათ სულიერ დებს კედელზე „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონების წარწერა; რა ძლიერი ყოფილა პოემის მაცოცხლებელი ძალა, მისი კითხვისა თუ ზეპირად სწავლის კულტურული ტრადიცია.
ახლა კი თავს უფლებას მივცემ, ასევე პატივი მივაგო ჩემი ბებიის – ალექსანდრა კურცხალია-გომართლის ხსოვნას, რომელმაც პატარა ბიჭი პირველმა მაზიარა „ვეფხისტყაოსნის“ მომნუსხველ სამყაროს.
საჯაროდ გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი თანამედროვე ყველა ქალბატონისადმი, რომელთაც რუსთველის თითოეული სტროფით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ჩვენი ეროვნული საუნჯის მადლი“, – წერს გომართელი.