ბეჟან გობაძე - ნათია კაპანაძის გადაყენებას მხარი არ დავუჭირე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ტელევიზია დაბალანსებულია
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, ბეჟან გობაძემ ნათია კაპანაძის ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენებას ხმა არ მისცა ხმა. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ აჭარის ტელევიზიამ გარკვეული პროგრესი განიცადა.
„დირექტორის გადაყენებას მხარი არ დავუჭირე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ტელევიზია დაბალანსებული და გაწონასწორებულია. ამას აღნიშნავს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ზოგადადაც, როდესაც დავდივარ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვგრძნობ ადამიანებისთვის ადამიანებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ტელევიზიამ გარკვეული პროგრესი განიცადა. ამიტომაც არ დავუჭირე მხარი, თუმცა რომ გითხრათ, ჩემი კოლეგების საქციელით გაოცებული ვარ-მეთქი, არა. მათ თავის დროზეც ვერ გაბედეს, როდესაც სახელისუფლო ხელმძღვანელად აღიქმებოდა წინა დირექტორი, მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობაც კი ვერ გაბედეს. მაგრამ დღეს, როდესაც პირიქით არის, ითვლება, რომ დღევანდელი დირექტორი ხელისუფლებასთან არ ასოცირდება, თავისუფლად და თამამად დაუჭირეს მის გადადგომას მხარი“, – განაცხადა ბეჟან გობაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.