BBC - როგორ უნდა წახვიდე სამსახურიდან ყველაზე ეფექტურად
BBC - როგორ უნდა წახვიდე სამსახურიდან ყველაზე ეფექტურად

სამსახურიდან ყველაზე ორიგინალურად ბოლოს Twitter-ის თანამშრომელი წავიდა. მისი „გმირობის“ შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. გათავისუფლების შესახებ განცხადების შევსებამდე, მან მიკრობლოგზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდი გათიშა. ეს 11 წუთს გაგრძელდა, თუმცა მას „მსოფლიო პოპულარობა“ მოუტანა.

სამსახურიდან წასვლის კიდევ არაერთი საინტერესო და ორიგინალური ისტორია არსებობს, რომელთა შესახებაც BBC წერს.

1. 2010 წელს ბორტგამცილებელ სტივენ სლეიტერს ისე მობეზრდა მოკამათე მგზავრების დაშოშმინება, რომ გადაწყვიტა კარიერა მაშინვე დაესრულებინა.
პიტსბურგი – ნიუ-იორკის რეისის მგზავრები ბარგის ადგილის გამო ჩხუბობდნენ. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ერთ-ერთმა მგზავრმა სლეიტერის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა და ქამარი მოიხსნა. გაბრაზებულმა ბორტგამცილებელმა ურჩი მგზავრი შიდა საკომუნიკაციო კაბელით სკამზე მიაბა, შემდეგ ერთ ქილა ლუდს დაავლო ხელი, გააქტიურა გასაბერი სამაშველო ტრაპი და ლაინერიდან ჩასრიალდა.

New York Times-თან ინტერვიუში სლეიტერმა აღიარა, რომ სამსახურიდან ასე ეფექტურად წასვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. ეს მას სულ რაღაც 10 ათასი დოლარი დაუჯდა, რომელიც გაფუჭებული ტრაპის აღსადგენად, კომპენსაციის სახით კომპანიას გადაუხადა.

 

2. მესაზღვრე კრის ჰოლმსი კი უფროსს „ტკბილად“ დაემშვიდობა. გათავისუფლების მოთხოვნით წერილი მან კრემით დაწერა ტორტზე, რომელიც თავადვე გამოაცხო. ამჟამად ყოფილ მესაზღვრეს წარმატებული ბიზნესი აქვს. ის ტორტებს აცხობს. 

 

3. ორიგინალურად დაემშვიდობნენ სამსახურს მულტიპლიკატორი მარინა შიფრინი და დეველოპერი ჯერარდ ვუდსი. ვუდსმა 2009 წელს ცნობილ ვიდეოთამაშ „სუპერ მარიოს“ ორიგინალური ვერსია შექმნა, რომლის ბოლოსაც პერსონაჟი სამსახურს ტოვებდა. ის პროგრამაზე მთელი ღამე მუშაობდა, დილით კი თანამშრომლებს გადაუგზავნა.

მულტიპლიკატორმა მარინა შიფრინმა კი 2013 წელს მულტფილმი შექმნა, რომლის მთავარი პერსონაჟი თავად იყო. ის ცარიელ ოფისში დადის და კენიე უესტის სიმღერას Gone მღერის.

 

4. როდ-აილენდის სასტუმროს თანამშრომელმა ჯოი დეფრანჩესკომ კი სამსახურიდან წასვლამდე ორკესტრი დაიქირავა და უფროსს განცხადება საზეიმო ვითარებაში გადასცა. როგორც დეფრანჩესკო ამბობს, ასეთი დამშვიდობების იდეა მას მორიგი „საშინელი სამუშაო დღის“ შემდეგ გაუჩნდა.
ვიდეო, სადაც ჯოი უფროსს საორკესტრო მარშის ფონზე ემშვიდობება, ექვსმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

 

5. ავსტრალიური გაზეთის დამკაბადონებელმა სამსახურიდან წასვლამდე გაზეთის ყდაზე როკ-ჯგუფის ფოტოს ნაცვლად, საკუთარი შიშველი ფოტო განათავსა. ლიუკ ნენჯმა ეს იმგვარად და ისეთ დროს გააკეთა, რომ ოფისში ვერავინ შეამჩნია. დილით გაზეთის 35 ათასი ეგზემპლარი მთელი მელბურნის ჯიხურებში აღმოჩნდა.