ბრიტანეთის პროფკავშირები - ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეები კვირაში მხოლოდ ოთხ დღეს მუშაობდნენ
ბრიტანეთის პროფკავშირები - ჩვენი მიზანია, რომ მოქალაქეები კვირაში მხოლოდ ოთხ დღეს მუშაობდნენ

გაერთიანებული სამეფოს პროფკავშირების ლიდერის თქმით, საუკუნის ბოლოს ყველა მოქალაქე კვირაში მხოლოდ ოთხ დღეს უნდა მუშაობდეს, – ეს განცხადება ფრანსეს ოგრეიდიმ ორგანიზაციის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი განცხადებით, ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, საუკუნის ბოლოსთვის ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა რეალისტური მიზანია.

„მე-19 საუკუნის ბოლოს პროფკავშირები იბრძოდნენ 8-საათიანი სამუშაო დღისთვის, მე-20 საუკუნეში ჩვენ მივაღწიეთ ორდღიან უქმეებს და ანაზღაურებად შვებულებას. ამიტომ 21-ე საუკუნეში, უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. მჯერა, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ 4-დღიან სამუშაო კვირას ყველასთვის ღირსეული ანაზღაურებით. დადგა დრო, თანაბრად განაწილდეს ახალი ტექნოლოგიებისგან მიღებული სარგებელი. არ მისცეთ უფლება ზემოთ მყოფ პირებს, დაისაკუთრონ ეს სიმდიდრე“, – განაცხადა ოგრეიდიმ.

გაერთიანებული სამეფოს პროფკავშირების კავშირის გენერალური მდივნის თქმით, სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში სხვაგვარი ტენდენციაა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ადამიანების სამუშაო საათების რაოდენობას ზრდის.

„სამწუხაროდ, დღეს ახალი ტექნოლოგიები დასაქმებულების სამუშაო დროსა და ინტენსივობას ზრდის. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს სთხოვენ, რომ დროის ნებისმიერ მონაკვეთში მზად იყონ სამუშაოდ“, – ნათქვამია სავაჭრო კავშირების მოძრაობის ანგარიშში.

კვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთში 1.4 მილიონი ადამიანი კვირაში შვიდი დღე მუშაობს, ხოლო 3,3 მილიონი სამსახურში კვირაში 45 საათზე მეტს ატარებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ დასაქმებულებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სამუშაო საათების ხანგრძლივობა და სტრესი წარმოადგენს.

მოძრაობის წევრები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი მსხვილი კომპანია ცუდად ექცევა დასაქმებულებს. როგორც ფრენსის ოგრეიდიმ განაცხადა, ერთ-ერთი ასეთი კომპანიაa „ამაზონი“, რომელიც თანამშრომლებს „რობოტებივით ექცევა“.

„ჯეფ ბეზოსი ფლობს „ამაზონს“, კომპანიას, რომელიც დღეს ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. ის მილიარდებს ეთამაშება მაშინ, როდესაც მისი თანამშრომლები სამსახურში სულს ღაფავენ. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პროფკავშირები, რომლებსაც ექნებათ უფლება, „ამაზონის“ საწყობებშიც შევიდნენ“, – განაცხადა ფრანსეს ოგრეიდიმ.

დატოვე კომენტარი