BBC-ის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში მოგზაურობისას ხაჭაპური დააგემოვნა და მკითხველს შთაბეჭდილება გაუზიარა.
„ყველით და ცომით დამზადებულ ხაჭაპურს საქართველოში ყველგან და ყოველთვის შეხვდებით. თუ ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი ხარ, არ უნდა შეეხო ცომს და არ უნდა მოზილო, რადგან შენი განწყობა ხაჭაპურზე აისახება და ამას დაგემოვნებისას აუცილებლად შეამჩნევთ – ეს მითხრა ჩემმა მეგობარმა მაკო ქავთარაძემ.
მაკოს ნათქვამის არ მჯეროდა. ხაჭაპურის საჭმელად რიკოთის უღელტეხილზე გავჩერდით. მაკომ თავის ნათქვამის დასამტკიცებლად სამზარეულოში შემიყვანა: ახლა გაჩვენებ ქალს, რომელიც აცხობს ხაჭაპურს, გარანტიას გაძლევ, როგორი მხიარულიც იქნება ის ქალი, ისეთივე გემრიელი ხაჭაპური გამოვა. სამზარეულოს სკამზე ქალბატონი იჯდა და ცომს აბრტყელებდა, რომ დაგვინახა, სახე გაუბრწყინდა და გაგვიღიმა. მაკომ მითხრა, ის ბედნიერია.
თუ ხაჭაპურს ბედნიერი ხალხი აცხობს, ეს ნიშნავს, რომ ხაჭაპური მომხმარებელს აბედნიერებს, ანუ ეს არის საუკეთესო კომფორტული საჭმელი.
კვლევების მიხედვით, ქართველების 88%-ს ხაჭაპური ურჩევნია პიცას. ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ეკონომისტებმა ხაჭაპურის ინდექსიც შექმნეს, რომელიც ბიგ მაკის ინდექსის მსგავსად ჩამოყალიბდა. კავკასიაში ეკონომისტები ინფლაციაზე მონიტორინგს ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასებით ახორციელებენ: ფქვილი, ყველი, კარაქი, კვერცხი, რძე და საფუარი.
ხაჭაპურის წარმოშობაზე ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, ქართული კულინარიის აკადემიის პროფესორისა და მწერლის დალი ცანავას თქმით, ხაჭაპური შეიძლება პიცას ენათესავებოდეს.
მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მოსულმა რომაელმა ჯარისკაცებმა პიცის მსგავსი კერძი მოიტანეს.
როგორც იცით, მე-16 საუკუნემდე ევროპაში პომიდორი არ არსებობდა, ამიტომ, პიცის მსგავსი კერძი პურისა და ყველგან მზადდებოდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ხაჭაპურია. იმერეთში ხაჭაპური ჭყინტი ყველისგან მზადდება და შორიდან რომ შეხედოთ ისეთი ფორმა აქვს პიცა გეგონებათ.
სვანური ხაჭაპურია კუბდარი, მეგრული ხაჭაპური იმერულის მსგავსად ყველით სავსეა და ზევიდან გამდნარი ყველის ფენა ადევს“, – წერს ჟურნალისტი.
დევიდ ფერლი სტატიაში აღწერს აჭარულ ხაჭაპურს და მის ფორმას ნავს ადარებს. სტატიაში მოყვანილია შეფ-მზარეულის მაკა ჩიხიაშვილის ციტატა: „აჭარული ხაჭაპური რეგიონის გეოგრაფიისა და კულტურის ანარეკლია. აჭარა შავ ზღვაზე მდებარეობს, აჭარლები ცნობილები იყვნენ გემთმშენებლობით და ამიტომ აქვს აჭარულ ხაჭაპურს ნავის ფორმა. კვერცხი მზე არის, ყველი კი ზღვა“, – აღნიშნულია BBC-ის სტატიაში, რომლის თარგმანსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.