გერმანული „შპიგელი“ ქართული სამზარეულოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
გერმანული „შპიგელი“ ქართული სამზარეულოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ქართულ ხაჭაპურისა და სამზარეულოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატია იწყება ლეგენდით: „როდესაც ღმერთი მსოფლიოს ანაწილებდა და თითოეულ ქვეყანას მიწას აძლევდა, ქართველებმა კვლავ დააგვიანეს. როდესაც საბოლოოდ ადგილზე მივიდნენ, განაცხადეს, რომ პირდაპირ ღმერთის სადიდებელი ბანკეტიდან მოდიოდნენ. ყველა მიწა უკვე განაწილებული იყო, მაგრამ ღმერთმა ქართველებს საჩუქრად საკუთარი ბაღი, საქართველო მისცა.“

„შპიგელი“ წერს, რომ ნაყოფიერი, მზით გაჟღენთილი, ბავარიაზე პატარა ბაღი, რომელიც კავკასიონის 5 000-მეტრიან მყინვარებს და შავი ზღვის პალმიან სანაპიროებს შორის არის მოქცეული, ქართულ სამზარეულოს ბროწეულს, ნიგოზს, ბადრიჯანს, ციტრუსებს, ჩაის და ყურძენს აძლევს.

„ბევრი მზე და ნაყოფიერი მიწა წარმოშობს განსაკუთრებით არომატულ ბალახებს, როგორიცაა: ბეგქონდარა, კამა, წითელი რეჰანი, ქინძი, პიტნა და ტარხუნა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურისა და მმართველების გავლენის ქვეშ იყო – ბერძნული, არაბული, მონღოლური, სპარსული, თურქული და რუსული. ეს ახდენდა ქართული სამზარეულოს ფორმირებას, ისევე როგორც საქართველოს ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე, რომელიც ამდიდრებდა მას სანელებლებით: მუსკატის კაკლით, ქინძით და უცხო სუნელით“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს უყვართ ხინკალი და მიხაკ-დარიჩინიანი ქათამი, მათი მენიუ ძირითადად ვეგეტარიანული კერძებისგან შედგება.

„რადგანაც მკაცრი სამარხვო წესები მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხორცის ჭამას წელიწადის თითქმის ნახევარ დროს უკრძალავს, სუფთა ბოსტნეულის კერძები ასობით წლის განმავლობაში იყო ნატურალურ და დახვეწილ ქართულ სამზარეულოში. ისინი სავსეა ბალახით, სიხასხასით და ფერებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

„შპიგელი“ წერს, რომ „თბილი ცომით, გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი, სავსე ყველით და თავზე კვერცხით შექმნილი ქართული ხაჭაპური უნაკლო კომფორტული საკვებია“.

დატოვე კომენტარი