BBC კინომოყვარულებს თამთა გაბრიჩიძის ფილმის „სოვდაგარი“ ყურებას ურჩევს
BBC-ს კულტურის რედაქცია აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით – „10 ფილმი, რომელსაც უნდა ვუყუროთ თებერვალში“. ჩამონათვალში რიგით მეორეა, თამთა გაბრიჩიძის ფილმი „სოვდაგარი“, ინგლისური სახელწოდებით The Trader.
სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ თამთა გაბრიჩიძის ფილმმა კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (Hot Docs) მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში გაიმარჯვა. ანოტაციაში კი ნათქვამია, რომ ფილმი აღწერს ქართველი კაცის, სახელად გელას რეალურ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურად განადგურებული კავკასიის ერთ ნაწილში გადაადგილდება, ყიდის სხვადასხვა წვრილმან ნივთებს და ამით აგროვებს კარტოფილს, რომელსაც უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე ფულს.
BBC აღნიშნავს, რომ თამთა გაბრიჩიძის ფილმს ცხრა თებერვალს Netflix აჩვენებს. როგორც ცნობილია „სოვდაგარის“ დისტრიბუციაზე Netflix-ს ექსკლუზიური უფლება აქვს.
თამთა გაბრიჩიძის ფილმი, BBC-ის სტატიაში ნახსენები Hot Docs-ის გარდა ასევე არის Sundance-ის კინოფესტივალის გამარჯვებულიც – მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში.
შეგახსენებთ, რომ „სოვდაგარი“ პირველი არხის პროექტ „ტელებლოგისთვის“ შეიქმნა და მან უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.