BBC-ის ინფორმაციით, ტერეზა მეიზე თავდასხმის მომზადებაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეიზე თავდასხმის მომზადებაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაიმურ ზაქარია რაჰმანს ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნის უფლება 30 წლის განმავლობაში არ ექნება.
სასამართლომ დაადგინა, რომ 21 წლის რაჰმანი ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ჭიშკრის აფეთქებას გეგმავდა, შემდეგ კი პანიკის დროს ტერეზა მეის მოკვლას აპირებდა.
მამაკაცი საიდუმლო სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სპეცოპერაციაში ლონდონის პოლიცია, ბრიტანული დაზვერვა მი-5 და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მონაწილეობდა.
ბრალდების ცნობით, რაჰმანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერია.