„ბავშვობის თანამგზავრები“ - იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნების პრეზენტაცია 23 ივნისს გაიმართება
გამომცემლობა „სეზანმა“ საქართველოს პირველი არხის თანამშრომლის იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნების სერია „ბავშვობის თანამგზავრები“ გამოსცა.
საქართველოს რადიოს გადაცემაში „პიკის საათი“ წიგნის ილუსტრატორმა, საქართველოს პირველი არხის ვიზაჟისა და სტილისტების ჯგუფის უფროსმა იზა ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ საბავშვო ლიტერატურასთან შეხება ურთულესია და პროცესში დიდ სიფრთხილეს იჩენდა.
„ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. მანანა კარტოზიამ კოლხური დიპლომატიის წყალობით გამომიყვანა ჩემი კომფორტის ზონიდან. მინდა, გითხრათ, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ ისეთი არგუმენტები მომიყვანა, სრულიად განმაიარაღა და ამისთვის მადლობელი ვარ. სინამდვილეში, ძალიანაც არ გავსულვარ ჩემი ინტერესების სფეროდან, რადგან თავად ეს სერია „ბავშვობის თანამგზავრები“ და წიგნი – „თავისუფლება ფერთა ხვედრია“, არის თამაში, ძირითადად ფერებით. ვეცადე, ქსოვილებით მეთამაშა, ქსოვილების ფაქტურით, ფერით და გამოვიდა ასეთი ფერადი. ამ თემაზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „როგორც წესი, თქვენ ზრუნავთ, როგორ გამოიყურებიან ადამიანები სატელევიზიო კადრში, საინტერესოა, ამ ორ საქმეს შორის პარალელების გავლება – რა არის მსგავსება და რა – სრულიად განსხვავებული“, ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ბევრი პარალელის გავლება შეიძლება და ბევრი განსხვავებაცაა, თუმცა პროცესი ძალიან საინტერესოა.
„წიგნი ჩემთვის ყოველთვის მარადიულობასთან არის ასოცირებული. ჩემი მეუღლე პოლიგრაფიულ დიზაინში მუშაობს და ასე ვთქვათ, ირიბი შეხება ყოველთვის მქონდა, ყოველთვის ვუყურებდი ამ პროცესს, მაგრამ მეგონა შორს ვიდექი ამ ყველაფრისგან (რეალურად, ვდგავარ კიდეც), მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ასეთი შორი, უსასრულოც არ ყოფილა. მეორე წიგნი არის „სიხარულის ჯაჭვი“ , რომელიც ქართულ-რუსულად, ასევე ქართულ-გერმანულად გამოიცა. „სიხარულის ჯაჭვიც“ არის რაღაც უსასრულობასთან კავშირში, არც საწყისი აქვს, არც დასასრული. ბევრი პარალელი და განსხვავებაც იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია“, – განაცხადა იზა ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილი ამბობს, რომ მისი საქმიანობიდან ფურცელზე ბავშვობის მოგონებები და ფერადი სამყარო გადაიტანა.
„მოგეხსენებათ, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის კოსტიუმები, ვიზაჟი, ასე ვთქვათ, იმიჯი, სტილი სატელევიზიო ეთერში, ამ წიგნებში რეალურად, ბავშვობის მოგონებები, ფერადი სამყაროა, რომელიც ყველა ბავშვს აქვს, მინდოდა, რაღაც ჩემი კვალი დამეტოვებინა და ბავშვობის ამოძახილი ყოფილიყო. ჩემი ბავშვობიდან გადმოვიდა ზღვა, მზე, მაგნოლიები. სამწუხაროდ, სურნელს ვერ ვაყოლებთ ამ წიგნს, შევეცადე, სხვა ყველაფერი ჩამექსოვა. რეალურად, ყველაზე უმანკოები ბავშვები არიან, მათი ფანტაზია არის უშრეტი.
საბავშვო ლიტერატურასთან შეხება ურთულესია. მანანა კარტოზიას დახმარებით გავბედე, შედეგიც ასეთია. ძალიან დიდი სიფრთხილით და ოპტიმისტით შევყურებ, განვიცდი. ვფიქრობ, როგორი თავისუფლებაც აქვთ ბავშვებს, შევეცადე, მეც ისევე გამეშალა ფრთები, როგორც ოდესღაც მქონდა გაშლილი. თავისუფლება – მთავარი ეს არის. დიდი მადლობა ჩემს პირველ არხს და რადიოს, ასევე თინათინ ბერძენიშვილს ასეთი მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ნდობისთვის“, – განაცხადა იზა ნადარეიშვილმა.
იზა ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნების პრეზენტაცია 23 ივნისს გაიმართება. 11:00 საათიდან ტელევიზიის ფოიეში თანამშრომლებისთვის გათამაშდება „ბავშვობის თანამგზავრების“ სერიის 100 წიგნი, ასევე პარალელურად გაიმართება გამომცემლობის ამ და სხვა გამოცემების გამოფენა-გაყიდვა.