„ბავშვის კოდექსის“ პროექტით, მოზარდები ღამის კლუბებში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით, 18:00-დან 00:00 საათამდე დაიშვებიან
საქართველოს პარლამენტში მომზადებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით, მოზარდები ღამის კლუბებში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით, 18:00-დან 00:00 საათამდე დაიშვებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, ბავშვები მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ. ეს არის აზარტული თამაშები და ნარკოტიკები. ღამის კლუბებში ბავშვები შედიან და ნარკოტიკს იკეთებენ ან პროსტიტუციაში ებმებიან. მოზარდები ღამის კლუბებში 18:00 საათიდან 12:00 საათამდე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით დაიშვებიან. პატარა ბავშვი ღამის კლუბში ვერ წავა.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კოდექსით გათვალისწინებულია, არის ის, რომ პრევენციულ პროგრამებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ, რომლებიც პრევენციულად იმოქმედებს. ანუ ბავშვების ენერგია ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და განათლებაში უნდა მივმართოთ. ბავშვები ასეთი ტიპის აქტივობებით უნდა დაკავდნენ. კოდექსის მიხედვით პრევენციული ნაწილი ძალიან ძლიერია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სოფო კილაძემ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადასაწყვეტი იქნება, მიიღებს თუ არა მისი შვილი სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს.
„იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება და მშობლების აღშფოთება თავიდან ავიცილოთ, ვფიქრობთ, თავად მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება, განსაზღვროს, აქვს თუ არა სურვილი, მისმა შვილმა მიიღოს სქესობრივი აღზრდის კონკრეტული გაკვეთილები, რადგან უახლოეს წარსულში საზოგადოებაში ვნახეთ, რომ ძალიან დიდი აღშფოთება და დაპირისპირება გამოიწვია ზოგიერთი ადამიანის მიერ წარმოდგენილმა სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებმა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ანგარიში უნდა გავუწიოთ და მშობლის გადასაწყვეტი იყოს, ისე, როგორც ეს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება. ჩვენ არ ვადგენთ, რომ გაკვეთილები უნდა იყოს.
პირიქით, ვამბობთ, რომ თუ ასეთი გაკვეთილები იქნება, მათ შორის ინტერნეტში, მშობელმა გადაწყვიტოს, ეს კონკრეტული გაკვეთილი მის შვილთან შესაბამისობაში არის თუ არა ან უნდა თუ არა მის შვილს ასეთი ტიპის გაკვეთილებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.