საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბების მუშაობა კვლავ შეზღუდული რჩება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბების მუშაობა კვლავ შეზღუდული რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან მოიხსნება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან მოიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარების ეფექტური მართვის მიზნით, მოქმედი რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდა, რათა ერთის მხრივ არ გაუარესებულიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შეწყობოდა ეკონომიკის აღდგენას.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის პროცესის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ივლისიდან გაუქმდეს ღამის საათებში – 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა; გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, პირველი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება. ამასთან, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

„ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის უკვე მზად არის. ამ მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზე უკვე დამტკიცდა ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შემუშავდა. გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი