ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ტრაილერების მძღოლები აქციას მართავენ
ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ტრაილერების მძღოლები აქციას მართავენ. ისინი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელისგან თურქეთში გადასვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით პასუხს ელოდებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე ორი კვირაა, ტრაილერების ქართველ მძღოლებს თურქული მხარე საზღვრის კვეთის საშუალებას არ აძლევს. თურქეთში შესვლის ნებართვის გაცემა კი გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა. მათი განცხადებით, ერთწლიანი ნებართვის ასაღებად 870 ლარს იხდიდნენ.
მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
„ნებართვების გაცემა მხოლოდ ჩვენ შეგვიჩერეს, საზღვარზე უპრობლემოდ გადადიან რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეები. ორი კვირაა, რაც გაჩერებული ვართ“, – აცხადებს ტრაილერის ერთ-ერთი მძღოლი.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი რამდენიმე მძღოლს ამ წუთებში ხვდება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
მძღოლებმა ორი დღის წინ, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის შენობასთანაც გამართეს.