ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია, იწყება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები
ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
„დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემთხვევის დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდნენ ყველა უწყების წარმომადგენლები. უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც მერია, ასევე შსს, რომელიც შეისწავლის ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ხვალ მოგაწვდით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. მოგვიანებით, ცეცხლი რესტორნის მთელ პერიმეტრზე გავრცელდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, თუმცა ვინაიდან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე იყო განთავსებული, ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.