ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შესახლებული ოჯახებისთვის ხელისუფლება საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს
ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ექვსწლიანი პრობლემა გადაიჭრება, ხელისუფლებამ კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე მიიღო,- ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებული ოჯახებისთვის ხელისუფლება საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. მისივე განცხადებით, წელს აჭარის ბიუჯეტის პარალელურად ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერის საშუალებით, 10 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდება და პირველი კორპუსის მშენებლობა წელსვე დაიწყება.
„როდესაც ჩვენს სამთავრობო გუნდს აჭარის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადა, ხალხს შევპირდით, რომ ვიზრუნებდით მათზე და ცხოვრების ღირსეული პირობებს შევუქმნიდით .
ვერ შევეგუებით ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ და არ ვზოგავთ ძალისხმევას.
აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას.
მუყაოს ე.წ.ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად.
სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას და იწყებს მათი პრობლემების მოგვარებას. ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით.
პარალელურად, სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს და მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა, გადაწყვეტილებები მიიღება სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით. არავის დარჩება უსამართლობის განცდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს მხარდაჭერისათვის. მჯერა, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და თითოეული თქვენგანის თანადგომით, ოცნების ქალაქს ახალ სიცოცხლეს შევძენთ.
პროცესში ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც.
უყურადღებოდ არ დავტოვებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვადასხვა სახელწიფო ფართებში. დღესვე ოცნების ქალაქში დაიწყება მიწის სამუშაოები”,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.