ბათუმში დაღუპული 22 წლის ახალგაზრდის მეგობრები გამოკითხვაზე იმყოფებიან
ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში, სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად 22 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილის მეგობრებისა და იმ ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობს, ვინც შემთხვევის ღამეს კლუბში იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი განყოფილებაში დღეს ადვოკატთან ერთად მივიდა. ადვოკატი პაატა შავაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბრალის წარდგენის საფუძველი არ არსებობს, გამოძიებას საქმის დეტალები აინტერესებს.
„ბრალის წარდგენის საფუძველი არ არსებობს, გამოძიება დაინტერესდა, რა კავშირი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილთან, თუ აქვს ინფორმაცია, რა მოხდა იმ ღამეს, ხომ არ მიაწოდა რამე საეჭვო ნივთიერება გარდაცვლილს. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, მას არ აქვს მომხდართან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია და ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც გარდაცვლილი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. იგი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში განყოფილებაში დაცვის გარეშე ჰყავდათ, დაირღვა მისი უფლებები, დღეს ერთად მივედით, ამ ეტაპზე, დამატებითი ინფორმაციის მიცემისგან თავს იკავებს” – განაცხადა ადვოკატმა პაატა შავაძემ.
ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა გუშინ, გამთენიისას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.