ბათუმში, ღამის კლუბში მიღებული ინტოქსიკაციის შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
ბათუმში, ღამის კლუბში მიღებული ინტოქსიკაციის შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა გუშინ, გამთენიისას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში მასობრივი ინტოქსიკაცია მოხდა, რაც სავარაუდოდ, ნარკოტიკულმა საშუალებებმა გამოიწვია და მედიკოსების დახმარება ათეულობით ახალგაზრდას დასჭირდა. თუმცა, საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრმა არ დაუდასტურა.

22 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტი ბათუმის მედცენტრში დაადასტურეს. კლინიკაში ამბობენ, რომ ის კომატოზურ მდგომარეობაში დილის 05:00 საათზე მიიყვანეს, 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა. კლინიკაში ამბობენ, რომ გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი. კლინიკა ამ ეტაპზე ნარკოტიკის მოხმარების ფაქტს არ ადასტურებს.

ბათუმის მედცენტრში ასევე განაცხადეს, რომ გარდაცვლილთან ერთად იმავე კლუბიდან ორი გოგონაც მოიყვანეს, თუმცა მათ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ისინი მდგომარეობიდან გამოვიდნენ და საავადმყოფოდან გაეწერნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი