ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 28 წლის მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.
ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცი მეზობელმა დანით დაჭრა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ბავშვებმა იჩხუბეს. ერთ-ერთი ბავშვის მამიდა და მამა მოვარდა სახლში და შვილიშვილი სცემა. იყო ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი, გიორგი ხმაურზე გამოვიდა გასაშველებლად. მეზობელმა დანა ამოიღო და დაარტყა. ამბავს ბევრი შეესწრო. ადრეც ჰქონდათ პატარა კონფლიქტი. პოლიციამ როგორც მითხრა, დამნაშავე უკვე დააკავა“, – განაცხადა დაჭრილის დედამ, ელზა გოგიტიძემ.
ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტი კლინიკაში 21:15 საათზე შემოიყვანეს. ზურგის არეში, ხერხემლის გვერდით ნაკვეთი ჭრილობა აქვს მიყენებული. მოხდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე ის დაკვირვების ქვეშ რჩება“, – განაცხადა ექიმმა, ბეჟან ხოზრევანიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.