ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ცეცხლი რესტორან „ვოქსის“ მთელ პერიმეტრზე გავრცელდა [ვიდეო]
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძრის მასშტაბი გაიზარდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი რესტორან „ვოქსის“ მთელ პერიმეტრს მოედო.
ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახრეხებენ, რადგან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზეა განთავსებული, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მეხანძრეთა ნაწილი შენობაშია.
კორპუსისდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობიდან ცვივა ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები, რაც საფრთხეს უქმნის მიმდებარე კორპუსს. სამართალდამცველებმა შემოსაზღვრული ტერიტორიის არეალი გააფართოეს. შენობის ნაწილი მინითაა დაფარული, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის.
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე განთავსებულ რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.