ბათუმში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი გმირთა ხეივანში განთავსდა.
9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს აჭარის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
„არის საკითხები და იდეალები, რომელშიც ყველანი ერთიანი უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის შემდეგ, 9 აპრილის მოვლენებს და იმ დაღუპულ ადამიანებს ღირსეული პატივი მივაგეთ მემორიალით, რომელიც დღეს გაიხსნა“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მიესალმებიან მემორიალის გახსნას, თუმცა ამბობენ, რომ უმჯობესი იყო, მემორიალი ზღვისპირა პარკში განთავსებულიყო, რადგან სწორედ იქ იმართებოდა 30 წლის წინ მიტინგები და იმ ადგილს ჰქონდა მეტი სიმბოლური დატვირთვა.
როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, მემორიალი წარმოადგენს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირვისა და თავისუფლების სიმბოლოს. ესკიზის ავტორია თეიმურაზ მახარაძე. სამუშაოებისთვის 108 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.