ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკი განახლდა
ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკი განახლდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონულ სამსახურს ეკატერინე ტიკარაძემ დღეს რვა ერთეული მერსედესის მარკის, მაღალი გამავლობის, მანქანა გადასცა.

ავტომანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა. სპეცმანქანები გადაეცა ასევე ქობულეთის რაიონულ სამსახურსაც.

„სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ეს მანქანები არის უმაღლესი ხარისხის, ჯერ საქართველოში მსგავსი აღჭურვილობის სასწრაფოს ავტომანქანები არ გვყოლია, ისინი უტოლდება თითქმის რეანომობილებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. მაღალი გამავლობის სპეცმანქანები აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

კიდევ ერთი სიახლე სასწრაფო სამედიცინო დახმარებია პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ეხება. თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, მთავრობასთან შეთანხმებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილი. ხოლო, ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.