ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა 15 ოქტომბერს შესაძლოა, პატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვოს
დატოვებს თუ არა საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი სამშაბათს, 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
საპატიმრო ასევე შესაძლოა, კიდევ ორმა დაკავებულმა, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ ვანაძემ და ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გოგა ლომაძემაც დატოვონ.
სწორედ 15 ოქტომბერს მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლე დავით მამისეიშვილი ადვოკატების შეუამდგომლობაზე, ბრალდებულთა გირაოთი გათავისუფლების თაობაზე.
„გაურკვეველია, რას ემსახურება ამ გადაწყვეტილების გამოცხადების გადადება, ქართულ სასამართლო სისტემაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. ჩვენ დაზარალებულ მხარესთან, ბათუმის მერიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ თუ ვინმეს მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ვალდებულებას ვიღებთ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ბოლომდე ავანაზღაუროთ, ამასთან საერთო ჯამში გარანტიის უზრუნველყოფა მოხდა თითქმის მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონებით“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებას გირაოთი შეცვლის.
15 ოქტომბერს საქმე შუამდგომლობის თაობაზე პროკურატურის მოსმენით განახლდება.
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი მაღალჩინოსანი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ წინა სხდომაზე გაათავისუფლა.