ბათუმის საკრებულოში ოპოზიციასა და ქალაქის მერს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა
ბათუმის საკრებულოში ოპოზიციასა და ქალაქის მერს შორის  დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციასა და ქალაქის მერს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. ლაშა კომახიძე ქალაქის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციასთან შეხვედრაზე არ მივიდა. ოპოზიციის შეფასებით მერი კრიტიკულ შეკითხვებს გაექცა.

“შეკითხვები გვქონდა ქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ სფეროში აშკარად მძვინვარებს კორუფცია, გვაინტერესებდა რატომ მიდიოდნენ ბათუმელი შემსრულებლები პუტინის მიერ დაფინანსებულ ფესტივალზე რუსეთში, რატომ არ არის ნორმალური კვება უფასო სასადილოები, რატომ არ ემატებათ ხელფასი საბავშვო ბაღების პედაგოგებს. მერის არ მოსვლა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას პასუხები არა აქვს.”-განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის მერი აცხადებს, რომ შეხვედრა ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მოუხერხებელ დროს შესთავაზა, ამიტომ სხვა დაგეგმილ შეხვედრას ვერ გადადებს და მზად არის, ოპოზიციას თვის ბოლოს შეხვდეს.

“ნაციონალური მოძრაობიდან შეხვედრის შესახებ წერილი ნამდვილად შემოვიდა, თუმცა დაგვიანებით, სამწუხაროდ შეთავაზებული დროისთვის მე სხვა შეხვედრები მქონდა დაგეგმილი, ამიტომ ოპოზიციას ვთავაზობ შეხვედრა თვის ბოლოსთვის დავგეგმოთ და მე მზად ვარ ამისთვის”-განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.