ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო. ოპოზიციისა და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა გადაწყვეტილება, რომელიც ბათუმის ბულვარში, სასტუმრო „რადისონის“ წინ კომპანია „ამბასადორ ბათუმისთვის“ 341 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და 200 კვადრატული მეტრი ფართობის შენობის სარგებლობაში გადაცემას ეხებოდა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბათუმის ბულვარში მიწის სარგებლობაში გადაცემა დაუშვებელია, სანამ არ იქნება მზად ბულვარის განვითარების გეგმა. ისინი ეჭვობენ, რომ კომპანია, რომელიც ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ კომპლექსს აშენებს, აპირებს მიწის ნაკვეთი გააფართოვოს და განახორციელოს ჩანაფიქრი, რომლითაც ბულვარში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, რაზეც აჭარის მთავრობამ უარი უთხრა.
„სანამ არ იქნება ბულვარის განვითარების გეგმა, იქ მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემა არის დანაშაული. ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ.
მერიის წარმომადგენელი დავით კოპინაძე კი, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი გაიტანა, ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შიშებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ ბულვარში არანაირი კომპლექსის მშენებლობა არ იგეგმება და არსებული შენობა „ამბასადორ ბათუმს“ შემდგომი მოწესრიგებისთვის გადაეცა.
„არანაირი კომპლექსების მშენებლობა არ იგეგმება, ტერიტორიაზე კაფე წლების განმავლობაში მოქმედებდა და ეს კაფე გახდება ერთ-ერთი საუკეთესო, ყველა ნაგებობა იქნება ბულვართან შესაბამისი“, – განაცხადა დავით კოპინაძემ.
გასხვისების ფორმა უზურფრუქტის წესი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქონება ბათუმის მერიის საკუთრებაში დარჩება, კომპანიას კი, მისი მართვის უფლება ექნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. კომპანიამ სასურველ ვადად 15 წელი დაასახელა.
გადაწყვეტილება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ოპოზიციის გარდა, მიწის ნაკვეთის გადაცემის წინააღმდეგი „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ჭეიშვილი იყო.