ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეციალური რეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეციალური რეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „საქართველოს ავიახაზების“ (ჯორჯიან ეარვეისი) თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ჩამოვიდა 180-ზე მეტი მგზავრი, მათ პირველადი შემოწმება აეროპორტშივე ჩაუტარდებათ და შემდეგ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. კარანტინში მათი გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით განხორციელდება.

ამასთან, თუ რომელიმე მგზავრს ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა, ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მოთავსდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული იყვნენ ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მინისტრის თქმით, მათი თავმოყრა ბერლინში საელჩოების საშუალებით მოხდა.

ამასთან დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთიდან უახლოესი სპეციალური ავიარეისების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაციით, უახლოესი კვირების განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება კომპანია „საქართველოს ავიახაზების“ სპეციალური კომერციული რეისები შემდეგი მიმართულებებით: 23 მარტი – თბილისი-ბერლინი-ბათუმი, რომელიც უკვე შესრულდა, ასევე 24 მარტი – ათენი-თბილისი-ათენი (შეასრულებს „ეგეოსის ავიახაზები“); 26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი; 31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი. მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი რეისების დაგეგმვაზეც.