ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბათუმის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი არ არის დაფიქსირებული
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირქტორი მამუკა შამილიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი არ არის დაფიქსირებული.
ბათუმის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცით იგივე კომპანია ამარაგებს, რომელმაც სამტრედიის სკოლამდელ დაწესებულებაში ცხენის ხორცი შეიტანა. შპს „ნარგული“ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან სამი წელია, თანამშრომლობს.
ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ მათ კონტროლის ოთხდონიანი მექანიზმი აამოქმედეს, ამიტომ ცხენის ხორცის მოხვედრა ბაღებში გამორიცხულია.
„ბათუმის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი არ დაფიქსირებულა, იგივე კომპანია გვამარაგებს, რომელიც სამტრედიას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოთხდონიანი შემოწმების მექანიზმი, დატრენინგებული გვყავს ბაღების შესაბამისი თანამშრომლები, ვამოწმებთ კვების მიმართულებით მოულოდნელად, მაგრამ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მე არ მაქვს საფუძველი, კომპანიასთან თანამშრომლობა შევწყვიტო“, – განაცხადა მამუკა შამილიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს დეპუტატმა ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ ხორცი ბათუმის ბაღებში იგივე სასაკლაოებიდან შეაქვთ, საიდანაც სამტრედია მარაგდება. ამიტომ, ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ცხენის ხორცით ბათუმიც მარაგდება. მათი განცხადებით, იგივე ფირმა ამარაგებს უფასო სასადილოებსაც. ოპოზიცია საკითხის შესწავლას პროკურატურას სთხოვს.