ზურაბ ჩეკურაშვილი - გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ბაზრებში სასაკლაოს გვერდის ავლით, ჩრდილოვანი გზებით ხვდება
ზურაბ ჩეკურაშვილი - გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ბაზრებში სასაკლაოს გვერდის ავლით, ჩრდილოვანი გზებით ხვდება

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ბაზრებში სასაკლაოს გვერდის ავლით, ჩრდილოვანი გზებით ხვდება, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არის ჩრდილოვანი ბიზნესჯგუფები, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული და ჰყავთ თავიანთი მიმღები ბაზრები, მაღაზიები და ა.შ. საქონელი სადღაც, სასაკლაოს გარეთ იკვლება და შემდეგ, ხორცის სახით მიეწოდება საცალო ვაჭრობას. საუბარია საქართველოში დაკლულ საქონელზე. ამიტომაც არის დიდი რისკი, რომ ეს ცხოველი ან ავად იყო, ან იქ არის მცირე საფასური, რომელიც ცხოველის პატრონმა მის დაკვლაში უნდა გადაიხადოს, ან კიდევ, ამ გადასახადის გადახდა არ უნდათ“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ინტენსივობით ხდება საბავშვო ბაღების შემოწმება, როგორ მოხვდა იქ ცხენის ხორცი და სად არის გარანტია, რომ მიმწოდებელი კომპანიის მიერ კანონი ერთჯერადად დაირღვა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკის სახელმწიფო კონტროლი გამოკვეთილად პრიორიტეტია.

„ბაგა-ბაღებში წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ შევდივართ; ვამოწმებთ და ვახდენთ სახელმწიფო კონტროლს, ინსპექტირება იქნება ეს, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება, თუ სხვა. გარდა ამისა, თუ ცხელ ხაზზე ზარებია შემოსული, ჩვენ აუცილებლად ვახდენთ რეაგირებას; მივდივართ და კვლავ ვამოწმებთ“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მისი თქმით, კონტროლის მიუხედავად, ასეთი აღმაშფოთებელი ფაქტები ხდება და არაკეთილსინდისიერ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ტენდერს იგებენ, მეტი მოგების მიზნით, ბაღებში ცხენის ხორცი შეაქვთ.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ნახა საეჭვო ხორცი, ამოიღო, აიღო ნიმუში, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, ამ ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა და საქმე ძალოვან სტრუქტურებს გადაეცა. სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია აი, აქ თავდება“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა 2020 წელს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც სოფლად ორი-სამი ძროხა ჰყავთ.

„ეს ცვლილებები არ შეეხება ბებოებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობები აქვთ და არაორგანიზებულ წარმოებას ეწევიან. ეს ძირითადად, ეხება ორგანიზებულ მეწარმეებს. ანუ, ასე ვთქვათ, იმ შემგროვებლებს, რომლებიც დადიან და პროდუქციას აგროვებენ. ბებოს ერთ-ორ ძროხას აცრებისთვის და სხვადასხვა მანიპულაციებისთვის მიაკითხავს სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი, რომელიც ახლაც აკითხავს. ყველა ბებოს ექნება მისი საქონლის ასე ვთქვათ, პასპორტი, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ ეს ძროხა აცრილია. ეს ბებოებისთვის აბსოლუტურად უფასოა“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.