ბათუმის ნავსადგურში ამერიკული და იტალიური გემები შევიდა [ფოტო]
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული და იტალიური გემები შევიდა [ფოტო]

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული და იტალიური გემები შევიდა. პირველად პორტში იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი PALINURO ჩამოდგა.

იტალიის ხომალდის პირველი ვიზიტი საქართველოში იტალიის საზღვაო ფლოტის სკოლის კადეტების სასწავლო პროექტის ფარგლებში ხორციელდება და იგი პარტნიორ ქვეყნებთან მეგობრულ ვიზიტებს ითალისწინებს. გემზე მყოფი 33 კურსანტი სწავლობს საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და პროფესიულ ჩვევებს. გემის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის.

„რაც შეეხება ამერიკული გემის USS Carney-ს ჩამოსვლას, იგი ეძღვნება შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და მუშაობს ერთიანი მიზნის – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისთვის. USS Carney ჩაატარებს ერთობლივ წვრთნებს სანაპირო დაცვასთან ერთად და მოაწყობს ტურს გემზე შერჩეულ ჯგუფებთან,“ – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკული გემის ეკიპაჟს 11:00 საათზე საზეიმო დახვედრას მოუწყობენ. გემის ხელმძღვანელობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე დახვდება.