ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან „ბათუმობა“ 28 აპრილს აღინიშნება
„ბათუმობა“, რომელიც გასულ წლებში შემოდგომაზე აღინიშნებოდა, მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან 28 აპრილს აღინიშნება. თარიღი უკავშირდება 1888 წლის 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას.
ქალაქის დღესთან დაკავშირებით ბათუმს დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლები სტუმრობენ. მათთვის დღეს ოფიციალური მიღება გაიმართა.
ბათუმში იმყოფებიან უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, ეგვიპტის, ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები.
„ბათუმობასთან“ დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სანახაობა და ღონისძიებაა დაგეგმილი.
საზეიმო აქტივობები 12:00 საათიდან 02:00 საათამდე გაგრძელდება. საღამო გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება.
„ბათუმობა 2019“-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება: საბავშვო კუთხე, წიგნების კუთხე, თითების თეატრი, ფრანების შოუ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება მიუზიკლი Welcome To Georgia.