ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა
ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა

ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა. „ბათუმობა 2019“-ის დასასრულს, გალაკონცერტზე ტიტული მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიანიჭა. სწორედ ნანი ბრეგვაძის გამოსვლით დასრულდა კონცერტი, რომელზეც მომღერალმა სამი კომპოზიცია შეასრულა.

„ეს ჩემთვის უძვირფასესი ქალაქია. დიდხანს მინდოდა, აქ მეცხოვრა. ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს ქალაქი ჩემთვის რჩება უსაყვარლეს ქალაქად. უზომო სითბოს მატარებელია ბათუმი და მადლობა აქაურ მსმენელს ასეთი სიყვარულისთვის, რომელსაც სულ ვგრძნობ. ამ ქალაქის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის არის უდიდესი სიმდიდრე“, – განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

ბათუმში ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გალაკონცერტი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დღეს „ბათუმობა“ აღინიშნა. ტრადიციულად, დღესასწაული სექტემბერში იმართებოდა, თუმცა ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქალაქის დღე 28 აპრილი იქნება. თარიღი 1888 წელს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღეს ემთხვევა.