ბათუმის კორტებზე ჯგუფ „ფიუჯისის“ ყოფილი წევრი უაიკლეფ ჟანი 21 ივლისს კონცერტს გამართავს
წარმოშობით ჰაიტელი მუსიკოსი, ჯგუფ „ფიუჯისის“ ყოფილი წევრი და მუსიკალური პროდიუსერი უაიკლეფ ჟანი ბათუმის კორტებზე კონცერტს ხვალ, 21 ივლისს გამართავს.
როგორც უაიკლეფ ჟანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა.
„ჰაიტიზე დავიბადე და ამერიკაში 10 წლის ასაკში ჩამოვედი. მუსიკალური ჯგუფის „ფიუჯისის“ შემდეგ იყო უიტნი ჰიუსტონი, სანტანა, შაკირა და სხვები. მიყვარს მუსიკისას ვარსკვლავების შექმნა და ამიტომ ვიყავი მათი პროდიუსერი. მუსიკა ჩემთვის მუსიკაა, ჟანრებს არ გამოვყოფ. ხვალინდელი ჩემი შოუ იქნება დროში მოგზაურობა და იმდენს იცეკვებთ, სამოსის გამოცვლაც დაგჭირდებათ. ჩემი ჩანაწერების მოსმენისას ნახავთ, როგორ გავარღვიე ბარიერები. ბევრი რამ ვიცოდი თქვენს ქვეყანაზე, მომწონს გარემო და ღვინო. დღეს ქალაქს დავათვალიერებ“, – განაცხადა მუსიკალურმა პროდიუსერმა.
გუშინ, „ლედ ზეპელინის“ ყოფილმა სოლისტმა „ბლექ სი არენას“ სცენაზე ორსაათიანი კონცერტი გამართა. რობერტ პლანტმა ძველ ჰიტებთან ერთად ახალი კომპოზიციები შეასრულა.