ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა დღეს გაიხსნება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.
თეატრი განახლებულ შენობაში ფუნქციონირებას პრემიერით იწყებს. 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი kldiashvili.ge. სპექტაკლი დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა და მისი რეჟისორია ანდრო ენუქიძე.
სახელმწიფო დრამატულ თეატრის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს“ მიერ 14,5 მლნ ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი. რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შეცვლილია იარუსების ფერიც. რესტავრაცია ჩაუტარდა ჭერის მხატვრობასაც.
თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე ტექნოლოგიები.