ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ლიდი სოლომონის კონცერტი გაიმართა
ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ლიდი სოლომონის კონცერტი გაიმართა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეექვსე საფესტივალო დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის სცენა ფრანგ პიანისტს, ლიდი სოლომონს დაეთმო.

ლიდი სოლომონი ბათუმში ფესტივალის პარტნიორის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით იმყოფება. პიანისტმა სოლო კონცერტზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, მიშელ სონისა და მორის რაველის ნაწარმოებები შეასრულა.

კონცერტს ფესტივალზე სტუმრად მყოფი, ფრანგი მუსიკოსი და მუსიკის ინოვაციური სწავლების მეთოდის ავტორი მიშელ სონი დაესწრო.

ფესტივალის მეშვიდე დღე ხელოვნებას დაეთმობა. ბათუმის ხელოვნების მუზეუმში საფრანგეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი მხატვრის ანრი მაჭავარიანის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება. 20:00 საათზე კი, ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია მოეწყობა.