დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმი 27 აპრილს დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს.
ფორუმში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით „შერატონ ბათუმში“ 14:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებს 70-ზე მეტი კომპანია.
„მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, 2 000-ზე მეტი ვაკანსიიდან შეარჩიონ სასურველი: სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.
წელს პირველად, კომპანიების გარდა, საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებიც გააცნობენ.
დასაქმების ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს. 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს მაისში სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს“, – აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.