ბასკური სეპარატისტული დაჯგუფება „ეტა“-ს (ETA) პოლიტიკური ლიდერი საფრანგეთის ალპებში დააკავეს
ბასკური სეპარატისტული დაჯგუფება „ეტა“-ს (ETA) პოლიტიკური ლიდერი, ჯოსუ ტერნერა, საფრანგეთის ალპებში დააკავეს. „ეტა“-ს ლიდერის დასაკავებლად საფრანგეთმა და ესპანეთმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს.
ჯოსუ ტერნერა, რომელიც რამდენიმე მკვლელობაშია ბრალდებული, 17 წლის განმავლობაში იმალებოდა.
ესპანელი პროკურორების განცხადებით, ჯოსუ ტერნერა 1987 წელს, ქალაქ სარაგოსაში სამოქალაქო გვარდიის საცხოვრებლებზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა.
„ეტა“ ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის ძალადობრივ კამპანიას 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. დაჯგუფებამ დაშლის შესახებ 2018 წელს განაცხადა. 2011 წელს, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამდე, ბასკურმა დაჯგუფებამ 800-ზე მეტი ადამიანი მოკლა.
„ეტა“-მ მოქმედება 1959 წელს, ფრანკოს სამხედრო დიქტატურის დროს დაიწყო და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად იყო მიჩნეული.