„შამანი“, რომელიც „პუტინის განდევნას“ აპირებდა, ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს
„შამანი“, რომელიც „პუტინის განდევნას“ აპირებდა, ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს

„შამანი“, რომელიც „პუტინის განდევნას“ აპირებდა, ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს.

ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ფეხით მიდიოდა, რათა „პუტინი განედევნა“, 19 სექტემბერს დააკავეს. როგორც იაკუტიის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, ამჟამად გაბიშევი ადგილობრივ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გამოუვლინდა პათოლოგიები, ჩვენ მზად ვართ მას კვალიფიციური დახმარება გავუწიოთ. საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ სპეციალურ სამსახურებს“, – ნათქვამია იაკუტიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“​ გაბიშევს „სინდისის პატიმარი“ უწოდა. „რუსეთის ხელისუფლების რეაქცია აბსურდულია“, – განაცხადა „ამნესთი ინთერნეიშენალის“​ რუსული ბიუროს დირექტორმა, ნატალია ზვიაგინამ.

„ისევე როგორც თითოეულ მოქალაქეს, გაბიშევსაც აქვს უფლება, პოლიტიკური შეხედულებები თავისუფლად გამოხატოს და ჩაატაროს რელიგიური რიტუალები“, – განაცხადა ზვიაგინამ. მან რუსეთის მთავრობას „შამანის“ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

ალექსანდრ გაბიშები 19 სექტემბერს ფედერალურ გზატკეცილთან გაშლილ ბანაკში დააკავეს. „შამანი“ ექვსი თვის წინ დაიძრა მოსკოვისკენ. მისივე თქმით, ის დედაქალაქში ჩასვლას და „პუტინის განდევნას“ აპირებდა.

იაკუტიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაბიშევი „დანაშაულისთვის იძებნებოდა“, თუმცა სხვა დეტალები უწყებაში არ გაავრცელეს.