ბასილაშვილმა ინდიან უელსის „მასტერსის“ პირველი წრე ვერ დაასრულა
ბასილაშვილმა ინდიან უელსის „მასტერსის“ პირველი წრე ვერ დაასრულა

მსოფლიოს 83-ე ჩოგანისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ინდიან უელსის “მასტერსზე” გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა. ისევე, როგორც წინა კვირას აკაპულკოს ტურნირზე, ამჯერადაც ბასილაშვილმა თამაშის დასრულება ვერ შეძლო და მეტოქე მეორე წრეში გაუშვა.

ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის სენსაციურ მეოთხედფინალისტ ამერიკელ ტენის სანდგრენს (59-ე ნომერი) ხვდებოდა. პირველ სეტში, რომელიც 29 წუთი გაგრძელდა, ერთადერთი ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა – მეოთხე გეიმში ეს შანსი სანდგრენს ჰქონდა და მან ბასილაშვილის მოწოდების აღება შეძლო, რის შემდეგაც, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე სეტის პირველივე გეიმში ამერიკელმა მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა თითო გეიმი გაცვალეს და ბასილაშვილმა 3:6, 1:2-ზე თამაში შეწყვიტა და სანდგრენს მეორე წრეში გასვლა მიულოცა.

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ბრიტანელ კაილ ედმუნდთან მარცხის შემდეგ, ბასილაშვილისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე წაგება იყო.