ტუნისის “ჩელენჯერის” შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურს დაუბრუნდა და ბუდაპეშტის ტურნირში ჩაება.
მსოფლიოს 79-ე ნომრის მეტოქე იყო იტალიელი პაოლო ლორენცი. ის კლასიფიკაციაში ქართველზე მაღლა იმყოფება – 66-ე ჩოგანია, თან ამ ჩოგბურთელთა ერთადერთ მატჩში მოგებული ჰქონდა ქართველისთვის – 2016 წელს, კიტცბუელის ტურნირის ფინალში. ასე რომ, ბასილაშვილს რევანშზე ზრუნვა მართებდა.
ქართველ ჩოგბურთელს პირველ პარტიაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. მან პირველივე გეიმში შეძლო ბრეიკის შესრულება, რის შემდეგაც, არა ერთხელ მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.
ლორენცის ორ გეიმში ჰქონდა თითო ბრეიკ-პოინტი, მათ შორის მეათეში, რომელშიც ბასილაშვილი სეტზე აწვდიდა. ამ გეიმში ქართველმა მეხუთე სეტბოლიდან შეძლო პარტიის მოგება.
ბასილაშვილს მეორე სეტის დასაწყისიც შესანიშნავი გამოუვიდა – ისევ ბრეიკი პირველივე გეიმში. ამ პარტიაში ნიკა კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა – საკუთარ მოწოდებაზე მეტოქეს შანსს არ აძლევდა, თავად კი მეშვიდე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ, მატჩზე ჩააწოდა – 6:4, 6:2 საათსა და 23 წუთში.
ქართველ ჩოგბურთელს ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა – სამი ეისი, არც ერთი ორმაგი შეცდომა, პირველი მოწოდებით მოგებული ქულების 69 პროცენტი, მეორე მოწოდებით – 75 პროცენტი, 10 ბრეიკ-პოინტი და სამი ბრეიკი.
ლორენცის ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მატჩში და ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო.