ბასილაშვილი მადრიდის „მასტერსის“ ძირითად ბადეშია და გაელ მონფილსს შეხვდება
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით გაიარა მადრიდის „მასტერსის“ საკვალიფიკაციო ტურნირი და ძირითად ბადეში მოხვდა.
შაბათს, კვალიფიკაციის პირველ წრეში ბასილაშვილმა ამერიკელ ბიორნ ფრატანჯელოს სძლია, კვირას კი ბოსნიელ მირზა ბაშიჩს მოუგო, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 90-ე ნომერია.
პირველ სეტში მეტოქეებმა ვერ დაალაგეს თამაში საკუთარ მოწოდებაზე. ბასილაშვილს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი შანსი გამოიყენა, ბაშიჩმა კი ხუთი შესაძლებლიდან ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. შესაბამისად, სეტი ქართველმა მოიგო – 6:4.
სამაგიეროდ, მეორე სეტში არა თუ ბრეიკი, ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ყოფილა და შესაბამისად, ჩოგბურთელებს ტაი-ბრეიკის თამაში მოუწიათ, რომელიც ძალიან დაძაბული გამოვიდა.
თავიდან ბასილაშვილი გავიდა წინ – 3:1, მაგრამ ბაშიჩმა ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ, მუდმივად ლიდერი იყო – ბოსნიელმა ოთხი სეტბოლი მიიღო და ნიკამ ოთხივეჯერ გადაარჩინა სეტი, მაგრამ მეხუთე ცდაზე ბაშიჩმა მაინც შეძლო პარტიის მოგება – 7:6(11:9).
მესამე სეტში ბასილაშვილმა მეტოქის პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. საბოლოოდ, 2 საათისა და 7 წუთი ბრძოლის შემდეგ, ქართველმა 6:4, 6:7(9), 6:3 მოიგო და მადრიდის “მასტერსის” ძირითად ბადეში ითამაშებს.
1/32 ფინალში ბასილაშვილი ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება. გასულ კვირას, მიუნხენის ტურნირზე, მონფილსი პირველ წრეში შეხვდა ბაშიჩს და სამ სეტში წააგო.
ბასილაშვილსა და მონფილსს შორის მოგებული 1/16 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვხება.