ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეს მიუახლოვდა
ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეს მიუახლოვდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირის კვალიფიკაციაში ჩაება და პირველი წრის გავლა მოახერხა.

ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს 87-ე ნომერია, კლასიფიკაციის 108-ე ჩოგანს, შვედ ელიას იმერს ხვდებოდა. ქართველმა ძალიან იოლად გაიარა სკანდინავიელი ჩოგბურთელის ბარიერი: ერთ საათში ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:3.

პირველ სეტში ბასილაშვილმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, რის შემდეგაც, ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მეორე სეტში კი ქართველს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ორი გამოიყენა და საბოლოოდ, თამაში ისე დაასრულა, რომ თავისი გეიმი ერთხელაც არ წაუგია.

კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ დენის კუდლას შეხვდება, რომელიც 108-ე ჩოგანია.