ქართველი ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრე დაძლია. მან ოთხ სეტში დაამარცხა ტურნირის მე-18 ნომერი, ამერიკელი ჯეკ სოკი – 4:6, 6:3, 6:2, 7:6(3). შეხვედრა 2 საათსა და 54 წუთს მიმდინარეობდა.
პირველ სეტში ყველაფერი პირველივე გეიმში სოკის მიერ შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ქართველმა ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა და ვერ უპასუხა მეტოქეს.
მეორე სეტიდან მოყოლებული, ბასილაშვილი თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა საკუთარ გეიმებში. მეორე და მესამე პარტიებში მან თავის მოწოდებაზე ჯამში მხოლოდ ცხრა ქულა დათმო. რაც შეეხება მეტოქის მოწოდებაზე თამაშს, ნიკამ 5 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, სამი ბრეიკი შეასრულა და 6:3, 6:2 მოიგო ზედიზედ ორი სეტი.
შეხვედრამ კულმინაციას მეოთხე სეტის ბოლოს მიაღწია. ბასილაშვილი ისევ არ აძლევდა შანსს ამერიკელს მიღებაზე, თავად კი მეცხრე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდებისთვის გაემზადა. თუმცა, სოკმა გაიბრძოლა, მეათე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და მეოთხე სეტში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო.
მე-13 გეიმში სამი მინი-ბრეიკის წყალობით, ბასილაშვილი 4:1 დაწინაურდა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.
ქართველის სტატისტიკა მატჩში ასეთი იყო:
11 ეისი
7 ორმაგი შეცდომა
პირველი მოწოდების სიზუსტე – 45 პროცენტი
პირველ მოწოდებაზე აღებული ქულები – 81% (44/54)
მეორე მოწოდებაზე აღებული ქულები – 63% (41/65)
ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია – 50% (4/8)
“ვინერსი” – 45
უნებლიე შეცდომა – 30
სხვათა შორის, ამ მატჩიდან ერთ-ერთი დარტყმა ბასილაშვილი შესრულებით, აშშ-ის ღიას მესამე სათამაშო დღის საუკეთესო მომენტებში მოხვდა.
მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე იქნება მსოფლიოს 66-ე ჩოგანი, არგენტინელი გვიდო პეია, რომელმაც მეორე წრეში იტალიელი პაოლო ლორენცი 7:5, 6:0, 6:2 გაანადგურა