სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი აღმოსავლეთ ღუტაში ჩავიდა. ფრონტის ხაზზე ის სირიელ სამხედროებს შეხვდა და იმ ათასობით ადამიანიდან, რომლებიც სამთავრობო იერიშების მიზეზით უსახლკაროდ დარჩნენ, რამდენიმე მოინახულა.
მეამბოხეებთან დაახლოებული პირების ცნობით, მოსალოდნელია მოლაპარაკებები სირიის მთავრობასა და მათ შორის იმის თაობაზე, რომ ამბოხებულები აღმოსავლეთ ღუტაში ანკლავს დატოვებენ, ან იარაღს ჩააბარებენ.
სირიის არმიამ აღმოსავლეთ ღუტა სამ ალყაში მოქცეულ ზონად დაყო. მათგან ერთ-ერთში გამაგრებულები არიან მეამბოხეები, რომლებიც ალეპოს შემდეგ ყველაზე დიდი მარცხის წინაშე არიან.
როგორც სირიის ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აფასებენ, მთავრობის ტაქტიკაა, „დაყავი და იბატონე“, რაც ამ დროისთვის შედეგიანად მუშაობს. მთავრობა აღმოსავლეთ ღუტას დანაყოფებთან ცალცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
იმის საჩვენებლად, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია, ასადი ფრონტის წინა ხაზზე განლაგებულ შენაერთებს ეწვია.
„ყველა ტანკის მძღოლი, რომელიც თუნდაც ერთი მეტრით გადაადგილდება წინ, ცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას“, – განაცხადა ბაშარ ალ ასადმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით.