ბარსელონაში პოლიციასა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ბარსელონაში პოლიციასა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ბარსელონაში ესპანეთის მეფე ფელიპეს ჩასვლას აპროტესტებდნენ. მომიტინგეებმა მუსიკის სასახლესთან მისვლა სცადეს, სადაც მეფე ღონისძიებას ესწრებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მეფე ფელიპე კატალონიის რეგიონს სათანადო ყურადღებას არ უთმობს და ცენტრალურ მთავრობასა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერ პარტიებს შორის დიალოგს ხელს არ უწყობს.
აქციის დროს დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ესპანეთის მეფე ფელიპე კატალონიაში ოქტომბერში გამართული რეფერენდუმის შემდეგ პირველად ჩავიდა. მონარქი ბარსელონაში მიმდინარე ტექნოლოგიურ ბაზრობას ესწრება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას არ დაესწრნენ კატალონიელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ბარსელონას მერი ადა კოლაუ. მისი თქმით, ის აპროტესტებს მეფის მხრიდან დამოუკიდებლობის მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიების მხარდაჭერას.