ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა რეგიონული პარლამენტის შენობის შტურმი და ქალაქის ცენტრში ბარიკადების აღმართვა სცადა. რადიკალურად განწყობილმა ნიღბიანმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მომიტინგეები სტვენით შეხვდნენ კატალონიის ლიდერ კიმ ტორას გამოსვლას. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ტორა მადრიდს საკმარის წინააღმდეგობას არ უწევს.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო გამოსვლებში 180 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მანამდე, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა რაიონში აქტივისტებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს.

2017 წლის პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა, რის შემდეგაც რეგიონულმა მთავრობამ, კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნია და მისი შედეგები არ აღიარა. მადრიდმა რეგიონული მთავრობის წევრები დაითხოვა და მათ წინააღმდეგ სასამართლო დევნა დაიწყო. კატალონიის ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წევრმა, მათ შორის პუიჩდემონმა, ესპანეთი დატოვა.