ბარსელონაში დილის საათებში მოქალაქეებს სანაპიროებზე გასვლა შეუძლიათ
ბარსელონაში მოქალაქეებისთვის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე სანაპიროები გაიხსნა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში მოსახლეობას საშუალება ექნება, ზღვაში იცურაოს და პლაჟზე ირბინოს.
დღეს სანაპიროებზე პოლიცია პატრულირებდა.
ამასთან, ესპანეთის მთვარობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელი რეგიონები გადავლენ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე. ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი კი, სოციალური დისტანციის წესის დაცვით კაფე-ბარების, რესტორნებისა და სამლოცველოების გახსნას გულისხმობს.
შემსუბუქების მეოთხე და საბოლოო ეტაპი კი, სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. სწორედ ივნისში გაიხსნება სანაპიროები რუჯის მისაღებად, ასევე მაღაზიები და რესტორნებიც ნაკლები შეზღუდვით იმუშავებენ.
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 229 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 26 299 ადამიანია გარდაცვლილი. ამასთან, ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 221 447-დან 222 857-მდე გაიზარდა.